სინთეთიური საპნისგან განსხვავებით, რომელიც ნებისმიერ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი, ავთენტური აფრიკული შავი საპნები ხელნაკეთია და მზადდება ნატურალური მცენარეული საშუალებების გამოყენებით. საპნის შავი ფერი მიიღება კაკაოს მარცვლების, შის კაკლისა და ბანანის დაწვისგან დარჩენილი ნაცრის გამოყენებით.
ამას ემატება შიის ხის ქერქი, რომელსაც კარიეტს უწოდებენ. მას ახმობენ და შემდგომ ფქვავენ. ამ კომპოზიციას ემატება ზეთები, მათ შორის შიის კარაქი, კაკაოს და ქოქოსის ზეთი. შის კარაქის წყალობით, საპონი იძენს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის უნიკლურ თვისებას. ბაზარზე შავი საპონი არსებობს როგორც ხელნაკეთი, ასევე ქარხანაში დამზადებული. ხელნაკეთი უფრო ძვირია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქარხანაში ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული საპნები არაეფექტურია. მათი მოქმედება იდენტურია, უბრალოდ ისინი განსხვავდებიან გარეგნული შესახედაობით და შეფუთვით. ორივე შემთხვევაში მთავარია საქმე დავიჭიროთ პატიოსან მწარმოებელთან.
სასარგებლო თვისებები
1. ანტიბაქტერიული
ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებებით სავსე აფრიკული შავი საპონი, საუკეთესო ალტერნატივაა ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებულ სხვა საპნებთან შედარებით. სხვათა შორის, შავი საპონი ბევრჯერ უფრო მეტ ბაქტერიას აშორებს, ვიდრე მისი ქიმიური კოლეგები. თავისი ძლიერი ანტიბაქტერიული თვისების მიუხედავად, ის ნაზად მოქმედებს კანზე და გამოიყენება როგორც ტანისთვის, ასევე ხელების და სახისთვისაც.
2. უსაფრთხოა ყველა ტიპის კანისთვის
თუ მშრალი ან მგრძნობიარე კანი გაქვთ, სურნელოვანი საპნების და ლოსიონების გამოყენება თქვენთვის არ შეიძლება. შავი აფრიკული საპნის ორიგინალური ვერსია არ შეიცავს არომატიზატორებს და ქიმიურ ნივთიერებებს, მაგრამ მის ზოგიერთ ნაირსახეობაში შესაძლოა იყოს გარკვეული დანამატები, ამიტომ ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ შერჩეული საპონი არ შეიცავს თქვენთვის არასასურველ კომპონენტებს.
თუ ცხიმიანი ან კომბინირებული კანი გაქვთ, შავი საპონი თქვენთვისაც უსაფრთხოა! იგი ხელს უწყობს ცხიმის გამომუშავების ნორმალიზებას, კანის ზედმეტი გამოშრობის გარეშე.
3. ეხმარება აკნეს მოშორებას
შავი საპნის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულებაა აკნესთან ბრძოლა. იგი ახდენს არა მხოლოდ კანში ცხიმის წარმოქმნის ნორმალიზებას, არამედ შემადგენლობაში შეტანილი შიის კარაქის წყალობით, ხელს უწყობს დაზიანებული უჯრედების აღდგენასაც. ანტიმიკრობული თვისებების წყალობით, შავი საპონი ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს თუნდაც ყველაზე მწვავე გამონაყარს, რომელიც გამოწვეულია პროპიონული აკნეს ბაქტერიებით.
4. ატენიანებს
შავი საპნის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია შიის კარაქი. ის ხელს უწყობს კანის დამშვიდებას (აჩერებს ქავილს) და არბილებს გამომშრალ კანს. კაკაოს კარაქი და ქოქოსის ზეთი უზრუნველყოფს საჭირო ტენიანობას .
5. არ აცხიმიანებს კანს
ეს საპონი შესანიშნავი ვარიანტია ყველასთვის, ვისაც კომბინირებული კანი აქვს. შიის კარაქი ატენიანებს კანს, ხოლო ქოქოსის ზეთი აფერხებს ზეთოვანი ჯირკვლების აქტიურობას.
6. ეხმარება კანზე გაღიზიანებების ჩაცხრობას
აფრიკული შავი საპონი ხელს უწყობს კანის ქავილის და გაღიზიანების შემსუბუქებას, რომელიც გამოწვეულია ეგზემით, კონტაქტური დერმატიტით და ალერგიით. ასევე აქრობს გამონაყარს, რომელიც დაკავშირებულია ეგზემასთან და ფსორიაზთან.
7. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
შავი საპონი მდიდარია A და E ვიტამინებით. ორივე ეს ვიტამინი ანტიოქსიდანტია. ეს განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს ისეთი დაავადების მქონე ადამიანებისთვის, როგორიცაა როზაცეა.
8. ამცირებს ნაოჭებს
შიის კარაქი და ქოქოსის ზეთი ხელს უშლის კოლაგენის გაქრობას და ასტიმულირებს მის შემდგომ წარმოებას. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას. გარდა ამისა, საპნის უხეში ტექსტურა სრულყოფილად ასუფთავებს კანს მკვდარ უჯრედებისგან, რაც მცირე ზომის ნაოჭებს შეუმჩნეველს ხდის.
9. ეწინააღმდეგება კანის დაბერებას და იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან
შიის კარაქში არსებული ანტიოქსიდანტები იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული დაბერებისგან. დროთა განმავლობაში, მზის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს პიგმენტური ლაქების განვითარება. შავი საპონი ეხმარება მათი წარმოქმნის გადავადებას, ქმნის რა დამატებით დამცავ ბარიერს.
10. ეხმარება კანის ტექსტურის გაუმჯობესებას
აფრიკული შავი საპონი სავსეა ნატურალური სასარგებლო ინგრედიენტებით, მაგრამ სასარგებლო თვისებების ერთ-ერთი ნაწილი არის მისი ზედაპირი. ნედლად დამუშავებული ინგრედიენტები, რომლისგანაც მზადდება შავი საპონი, ჩვეულებრივი სააფთიაქო საპნებისგან განსხვავებით, პროდუქტის ზედაპირს უფრო აუხეშებს. სწორედ ეს ტექსტურა ხდის შავ საპონს შესანიშნავ ამქერცლავს .
11. ეხმარება ჰიპერპიგმენტაციის შემცირებას
ჰიპერპიგმენტაცია ხშირად გამოწვეულია აკნეს გამონაყარის ნაწიბურებისგან ან მზის სხივების ზემოქმედებისგან. სწორედ იმ ორი ფაქტორისგან, რომლის თავიდან აცილებას ან შემცირებას ეხმარება აფრიკული შავი საპნი.
12. ეხმარება ნაწიბურების და სტრიების მინიმიზაციას
შის კარაქით და E ვიტამინით სავსე შავი საპონი ხელს უწყობს სიწითლის შემცირებას და სტრიების და სხვა ნაწიბურების წარმოქმნას ეწინააღმდეგება. იგი ასევე ხელს უწყობს კანის გაღიზიანების შემცირებას.
13. აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება
აფრიკული შავი საპნის ეფექტის კვლევამ აჩვენა, რომ ის ეფექტურია რამოდენიმე ტიპის სოკოს, მათ შორის ჩვეულებრივი საფუარი სოკოს წინააღმდეგ.
შემადგენლობა და გამოყენება
აფრიკული შავი საპნის სასარგებლო მოქმედება განპირობებულია მისი ინგრედიენტებით, როგორიცაა:
კაკაოს ღეროს ფხვნილი და ზეთი
ქოქოსის ზეთი
პალმის ფოთლების კომპონენტები, მათ შორის პალმის ბირთვის ზეთი და პალმის ზეთი
პლანტის ქერქის ფხვნილი, რომელიც შეიცავს რკინას და A და E ვიტამინებს
შიის კარაქი
პირველ ეტაპზე შავი საპნის გამოყენება სასურველია 3-4 დღეში ერთხელ. მას შემდეგ, რაც კანი შეეჩვევა ამ საპონს, შეგიძლიათ უფრო მოუხშიროთ მის გამოყენებას. ნებისმიერმა საპონმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თუ შეამჩნიეთ კანის გაღიზიანებას, სიწითლეს ან გამონაყარს, შეწყვიტეთ ამ საპნის გამოყენება.
თუ არ გსიამოვნებთ საპნის მთლიანი ნაჭრის მოხმარება, მისი სხეულზე წასმის საუკეთესო გზაა წყალში აქაფება ან ღრუბლის გამოყენება.
ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ შავ საპონში შემავალი ინგრედიენტები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ აფრიკის რომელ რეგიონშია წარმოებული ის. მაგალითად, პლანტის ქერქის ფხვნილს იყენებენ ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში, მაგრამ არა აღმოსავლეთ რეგიონებში.
შავ საპონს შესაძლებელია დამატებული ჰქონდეს სხვადასხვა ეთერზეთები, მაგალითად ევკალიპტის ზეთს იყენებენ დამამშვიდებელი ფუნქციის მისაცემად. ზოგიერთი მწარმოებელი მას შვრიას და ალოე ვერას უმატებს.
შავი აფრიკული საპნის მზარდი პოპულარობის გამო, სულ უფრო მეტი ყალბი მწარმოებელი გამოჩნდა ბაზარზე. საპონს შეიძლება ყალბი ეწოდოს, თუ ის შეიცავს სინთეზურ ინგრედიენტებს ან დანამატებს, რომლებიც ბუნებრივ შავ საპონში არ გვხვდება (ძირითადად ეს ინგრედიენტები არ არის მცენარეული წარმოშობის!).
პოტენციური გვერდითი მოვლენები და რისკები
მიუხედავად იმისა, რომ აფრიკული შავი საპონი შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის, გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად არსებობს გარკვეული სახელმძღვანელო მითითებები.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ შავი საპონი აშრობს მათ კანს. ამის თავიდან ასაცილებლად სასურველი ნარევს დაამატეთ რამოდენიმე კოვზი ახალი თაფლი (თუმცა არსებობს საპნები, რომლებსაც უკვე აქვს დამატებული თაფლი).
როგორ გავაკეთოთ ეს:
ნაზად დაჭერით საპონი პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ თასში.
გამოიყენეთ კოვზი ან ჩანგალი საპნის კიდევ უფრო მცირე ზომის ნაჭრებად დასაშლელად.
დაამატეთ 1-2 ჩაის კოვზი თაფლი.
კარგად აურიეთ ინგრედიენტები გლუვ პასტამდე. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ მეტი თაფლი.
კვლავ შეკარით გუნდა და დაელოდეთ გამაგრებას.